ბაღი

პერმაკულტურა და სხვა თავგადასავლები

ბოლო პერიოდში იმდენი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომ ამის გაუზიარებლობა არ იქნება 🙂 დღიურს სული ჩავბეროთ ამ პოსტით და ერთად ვნახოთ რა გამოვა.

აქ შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა ყოველდღიური და საოჯახო ამბავი, როგორიცაა ძველებური პურის ცხობა, საკვების ფერმენტაცია, სახლის აშენება და გემრიელი ხილ-ბოსტნეულის გაზრდა მოურწყველად, უწამლოდ, მიწის დამუშავების გარეშე.

ბავშვობიდან მომყვება ოცნება, რომ მქონდეს ჩემი სოფელი და ბაღი. საბედნიეროდ, მე და გიოს ეს ნატვრა საერთო აღმოგვაჩნდა და ბოლოსდაბოლოს წელს ავისრულეთ. ზუსტად ვირუსის დადგომამდე და გეგმების გადავადებამდე. მაშ, თავგადასავალი იწყება მიწის პატარა ნაკვეთზე, სადაც წინა მფლობელისგან გვერგო დიდი ძველი კაკლის ხე, პაწია თუთა და ატამი, ძველი მიუწვდომელი ალიბუხარი, რამდენიმე აკაცია, ბევრი ეკლიანი სარეველა, ყოველწლიურად დამუშავებული, საშუალოდ შეწამლული ნიადაგი, მოშიშვლებული და უბალახო, სავსე მახრათი, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე იპოვით.

ჩვენი მიზანი პერმაკულტურის მოწყობაა, რომელიც ტყის მსგავსად თავის თავს მოუვლის და ააყვავებს. ის იქნება მდგრადი, მრავალფეროვანი, შერეული კულტურით. მცენარეები მოირწყვება ბუნებრივად და თითქმის განუწყვეტლად ჩვენი ძალისხმევის გარეშე. მათ ექნებათ ძლიერი იმუნიტეტი, რომ დაავადების უმეტესობას თავისით გაუმკლავდნენ. შეძლებისდაგვარად იქნება სასარგებლო და მავნებელი არსებების ბალანსი.  ყველა ნარჩენი ისევ ნიადაგს დაუბრუნდება და მიწის ქვეშ სიცოცხლეს გამოკვებავს. მიწა არ დამუშავდება და არ დაიბარება, ხოლო ნაყოფიერება ყოველ წელს მოიმატებს.

ასეთი შედეგის მისაღწევად შეიძლება რამდენიმე წელი გახდეს საჭირო, მაგრამ ყველაფერი ხომ საიდანმე იწყება. ზოგიერთი შედეგი ერთ კვირაში და ერთ თვეშიც ჩანს. ძირითადად, მაინც რწმენა გვამოძრავებს და ნდობას ვუცხადებთ ბუნებას. ვეცდებით ძალიან არ შევუშალოთ ხელი თავის საქმეში 🙂

2 Comments

Leave a Reply to მალხაზი Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *