ბაღი

სად წავიდა მინერალები ჩვენი ბოსტნეულიდან?

მინერალური წყლების ქვეყანაში არ გაგვიკვირდება, რომ წყლის სომალიეც არსებობს 🙂 წყლების გემოთი განსხვავება დიდწილად მინერალების დამსახურებაა. ანალოგიურად არის ხილ-ბოსტნეულშიც.

ხშირად მსმენია, საკვებს ისეთი გემო აღარ აქვსო, როგორც ადრე. ან კიდევ დიდი ბაბუის ერთი ფორთოხალი დღეს რვა ცალის ტოლფასიაო. დავკარგეთო ნიადაგებიდან მინერალები. ამის მეცნიერული დასაბუთება მაინცდამაინც ვერ ვნახე, კვლევაც ძნელია. ხშირად მიზეზი კომერციული სელექციაა, სადაც გემოვნური თვისებები გამძლეობაზე და რაოდენობაზე ქვევით დგას ან კიდევ ნახშირორჟანგის მატება ატმოსფეროში. თანაც ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულს ადრე კრეფენ, რომ მაღაზიამდე მიაღწიოს. მაგალითად, პომიდორი ან მსხალი მოწყვეტის შემდეგაც აგრძელებს ეთილენის გამოყოფას, რომელიც არბილებს და ფერს უცვლის, ამწიფებს მათ, მაგრამ სხვა ნივთიერებებს ვერ უმატებს. მცენარეზე დამწიფებული შედარებით გემრიელი უნდა გამოვიდეს თეორიულად.

თუმცა, არის რაღაც რაც ნამდვილად იკარგება – ჩვენი ნიადაგის ნაყოფიერება. არც ვიცოდი, რომ ზოგჯერ იმდენად უნაყოფო ხდება მიწა, მიატოვებენ მას და სხვა ადგილზე გადადიან. ზოგჯერ კი ასვენებენ. საბედნიეროდ, ამ პროცესს აქვს მეცნიერული ახსნა და შესაძლებელია ისე მოვატრიალოთ, რომ პირიქით, ყოველ წელს იმატებდეს მოსავალი და ნიადაგი განადგურების ნაცვლად მდიდრდებოდეს.

რადგან ჩვენი ექსპერიმენტი ერთ-ერთ ასეთ მოდელს იყენებს, ვიფიქრე ცენტრალური პრინციპები დამეწერა და შემდეგ ყველაფერს ამის გარშემო ავაშენებთ.

როგორ ცხოვრობს მცენარე?

ჩვენს ორგანიზმში ბაქტერიების და სხვა მიკროორგანიზმების უჯრედების რაოდენობა ჩვენსას აღემატება, მათი გენები კი ჩვენსაზე დაახლოებით 200-ჯერ მეტია. დედის რძეში არსებობს ისეთი ტიპის ნახშირწყლები, რომელსაც ჩვილის კუჭი ვერ ამუშავებს და იქ მხოლოდ ერთი კონკრეტული ტიპის ბაქტერია შლის. თითქოს სპეციალურად არის რძე ისეთი, რომ ამ ტიპის ბაქტერია გამოკვებოს და გაამრავლოს. მიკროორგანიზმებთან ერთად სიმბიოზური ურთიერთობის წყალობით იკვებება ჩვენი უჯრედები, ვებრძვით საშიშ ვირუსებს და ვაძლიერებთ იმუნურ სისტემას.

როგორც ჩვენთვის, ზუსტად ისევე მცენარეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ასეთ სიმბიოზებს.

მოაკლდა მცენარეს ფოსფორი? გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც მიკორიზულ სოკოს სპორებს გააღვივებს, “მიიბამს” თავისი ფესვის უჯრედებზე და ასეთი გზით გაცილებით მეტ ფოსფორს მისწვდება თავისი კომპანიონისგან, ვიდრე მარტო თვითონ შეძლებდა.

მოაკლდა მცენარეს რაიმე საკვები? გამოუშვებს შესაბამის სიგნალს, მიიზიდავს კონკრეტული ტიპის მიკროორგანიზმს, “გაუცვლის” ნაწილ ენერგიას (ფოტოსინთეზით დაგროვებულ ნახშირწყლებს) იმაში, თუ რაც თვითონ სჭირდება.

მაგალითად, ჰაერში არსებულ უამრავ აზოტს მცენარე ვერ ითვისებს. სამაგიეროდ ქიმიური სიგნალებით მოიყვანს რიზობაქტერიას, დაასახლებს თავის ფესვებზე. ის კიდევ გარდაუქმნის ჰაერის აზოტს ათვისებად ფორმაში.

კვანძები ფესვებზე რიზობაქტერიისთვის. ფოტოს წყარო

სხვადასხვა მცენარეს კალციუმი ან სხვა ნებისმიერი ნივთიერება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რაოდენობით სჭირდება. ძალიან ძნელია მცენარის მაგივრად გადაწყვიტო რამდენი საკვები “დაუყარო”. მას უამრავი სტრატეგია აქვს გადარჩენისთვის, სინათლის მიღებისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, ა.შ.


მიწისქვეშა საოცარი სამყაროს შესანარჩუნებლად რამდენიმე პრინციპს გამოვყოფ:

  • ნიადაგი ყოველთვის დაფარული უნდა იყოს, რადგან პირდაპირი მზე, პირდაპირი წვიმა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ანადგურებს მიწის სიცოცხლეს. მას ისევე სჭირდება საფარველი, როგორც სხვა ყველაფერს ბუნებაში.

  • მიწა არ უნდა ამოტრიალდეს, დაიბაროს, დაიხნას, ა.შ., რადგან მიწის სტრუქტურა ირღვევა, მიკროორგანიზმების დიდი ნაწილი იხოცება ჰაერზე და სოკოების აწყობილი ქსელები ირღვევა. ამ ქსელებით უცვლიან მცენარეები ერთმანეთს ნივთიერებებს ან ატყობინებენ მავნებლებზე.

  • არ უნდა შეიწამლოს მიწა, რადგან ცუდ ორგანიზმებთან ერთად კარგიც დაიხოცება. კარგი სოკო-ბაქტერიის სიმრავლე მნიშვნელოვანია, რომ ცუდი არ გამრავლდეს. ასევე დიდი რაოდენობით ხელოვნური სასუქის გამო შეიძლება მცენარემ აღარ განავითაროს ზევით აღნიშნული სხვადასხვა სისტემები და სუსტი გაიზარდოს.

მიწის დასვენება იმიტომ კი არ მუშაობს, რომ დარგული მცენარეებით იყო დაღლილი. არამედ მიწას აღარ ბარავდნენ და ცოტათი მოასწრო ნიადაგმა თავისი ეკოსისტემის აღდგენა. ასე რომ მინერალები მიწაში უამრავია. გამოფიტულ ნიადაგში უბრალოდ ორგანიზმები აღარ არიან, რომლებიც მათ მცენარეს საჭირო ფორმაში მიაწვდიან.

ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ბევრნაირი გზა არსებობს. ჩვენც სხვადასხვა ვარიანტს გამოვცდით.

პ.ს. ქვედა ფოტო ჩვენი ბაღიდან არის. სულ სამი-ოთხი დღით იყო მიწა დაფარული. შედარებისთვის მის გვერდით ზედაპირი დამსკდარია გამოშრობისგან, დაფარულში კი სიცოცხლე უკვე დაიწყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *