ბაღი,  სამზარეულო

როგორ ვამუშავებთ სამზარეულოს ნარჩენებს

ყოველთვის მენანებოდა სამზარეულოს ნარჩენების გადაყრა, მით უმეტეს თუ ნატურალური პროდუქტისგან იყო. რატომ უნდა დალპეს სადმე შეფუთული, როცა შეიძლება მიწა გაამდიდროს. ერთი დიდი პრობლემაა: გაცილებით ნელა იშლება, ვიდრე ვაგროვებ. ბოლო პერიოდში რამდენიმენაირად ვცადეთ კომპოსტის გაკეთება. კომპოსტირების მთავარი პრინციპი აზოტისა (ნედლი პროდუქტები) და ნახშირბადის (მიწა, ხმელი მასალა, ა.შ) ბალანსის დაცვაა. თუ აზოტი ძალიან აღემატება, ლპობის საშიშროება იზრდება. თუ ნახშირბადია მეტი, დრო ძალიან იწელება. ასევე ჰაერი კარგად უნდა უვლიდეს, დრო და დრო შეიძლება ამოერიოს ამ მიზნით. ეზოში ასეთი კომპოსტის გაკეთება შედარებით მარტივია, ვიდრე აივანზე. ჩვენ ბოლოს უზარმაზარი ქოთანი დავხვრიტეთ და ის დავდგით, მაგრამ ვერასდროს დავიცავი ბალანსი. აღმოჩნდა, რომ 60 ლიტრიან საკომპოსტეს კინაღამ ორ კვირაში ვავსებ და შემდეგ რამდენიმე თვე სჭირდება მის დაშლას. თანაც ნედლი მასალა ყოველთვის ჭარბობს. პატარა საკომპოსტეს დიდი ნაკლი ის არის, რომ გროვა კარგად არ ცხელდება. დიდ კომპოსტში ტემპერატურა შეიძლება 70 გრადუსზე ავიდეს და სწორედ ეს უზრუნველყოფს საშიში ბაქტერიის დახოცვას.

ერთხელაც გიორგი ბოკაშის გადააწყდა. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ახლა მხოლოდ მაგ მეთოდს ვიყენებ სამზარეულოში და დავისვენე. თვითონ სიტყვა ბოკაში იაპონური წარმოშობისაა, მაგრამ მიდგომა სავარაუდოდ არც ისე. უხეშად რომ ვთქვათ, ნარჩენებს რძემჟავა ბაქტერიით მშრალად “ვამწნილებთ” უჰაეროდ და ბოლოს მიწაში გადაგვაქვს. თუ დაგაინტერესებთ, უფრო დეტალურად დავწერ ამ თემაზე.

რატომ მომწონს ასე ძალიან:

  • არ მიაქვს ბევრი დრო: ერთ-ორ დღეში ერთხელ ავხდი კონტეინერს, ჩავყრი ნარჩენებს (+ბაქტერია) და დავახურებ. არც ამორევა სჭირდება.
  • არ მჭირდება ხმელი მასალის მოძიება ან მიწა დასაბალანსებლად. მხოლოდ ნარჩენები.
  • არ ეხვევა მწერები, რადგან დახურულია.
  • კომპოსტისგან განსხვავებით აქ შეიძლება ჩაიყაროს რძის ან ხორცის შემცველი ნარჩენებიც, თუმცა ჩვენ არ ვყრით ხოლმე.
  • ფერმენტაცია სწრაფად შლის პროდუქტებს, ამიტომ თუ ორი კვირა კონტეინერში გაჩერდება და შემდეგ ერთიანად სადმე მიწაში ჩავყრით, ერთ კვირაში შეიძლება ვეღარც ვიპოვოთ ვერაფერი. ის რაც ჩვეულებრივი კომპოსტირების დროს თვეები გრძელდება (და თანაც დიდ ადგილს იკავებს), ამ შემთხვევაში 3 კვირაში მზად არის.
  • ნარჩენების გარდა ბაქტერიაც ამდიდრებს მიწას.
  • ძალიან მოსწონთ ჭიაყელებს და სიამოვნებით გააფხვიერებენ მიწას მის ირგვლივ.
  • როგორც ვიცი, რძემჟავა ბაქტერია კარგად ებრძვის პათოგენებს, ამიტომ არ მეშინია ნარჩენების დაავადებების (ცივი კომპოსტისგან განსხვავებით). გარეგნულადაც ეტყობა, როდის მიდის საქმე ცუდად.

ასეთი გზით არა მხოლოდ ნაგვის რაოდენობა შეგვიმცირდა რადიკალურად, არამედ ჩვენი ბაღისთვისაც დაგვიგროვდა საკვები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *