ბაღი

ამბავი ფესვის ფორმირებაზე

ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ფესვის ფორმირება ხისთვის ისეთივე სამუდამოა, როგორც ჩვენი სხეულის. კი, მოჭრილი ფესვის რეგენერაცია შეუძლია, მაგრამ რომელი ფესვიც აქვს, ის გაზრდისას ფორმას აღარ იცვლის. 

მინდა დავწერო ფესვის მარტივ თავისებურებაზე, რომელიც ძალიან მომეხმარა ჩითილების და ნერგების კონტეინერის შერჩევაში. ზოგჯერ ერთი ნახვრეტითაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როცა სწორ ადგილას დავსვამთ.

ორი მომენტია:

  1. ფესვის ნაწილი ჰაერთან დიდი ხნით კონტაქტისას შრება, ხმება და აღარ აგრძელებს ზრდას იმ ადგილიდან. სანაცვლოდ გვერდიდან იზრდება ახალი ფესვები.
  1. დახურულ კონტეინერში ფესვი კედლებს და ღარებს მიჰყვება ქვევით. როცა, ბოლომდე ჩავა, ძირის კუთხეებს გაჰყვება და გარშემო დახვევას დაიწყებს.

დახვევა ბევრი მიზეზით არის ცუდი. მიწის ადგილი აღარ არის, ვერ ითვისებს ვერაფერს, წყალს ვეღარ იჭერს.

თუ მრავალწლიან მცენარესთან გვაქვს საქმე, დახვეული ფესვი მომავალში მოახრჩობს და სიცოცხლის ხანგრძლივობას შეუმცირებს ან გაახმობს.

ამის გათვალისწინებით შეგვიძლია კონტეინერი ისე შევარჩიოთ ან დავხვრიტოთ, რომ დახვევის საშუალება არ მივცეთ.

ქოთნის ჭრილებში ჰაერთან შეხება ხელს უშლის დახვევაში. წყარო

ამ ფოტოზე ჩანს ნერგი, რომელიც ზრდასთან ერთად უფრო და უფრო დიდ ქოთანში გადაჰქონდათ. ეს მოხვეული ფესვები აღარ გასწორდება, რაც არ უნდა დიდი სივრცე გაუჩნდეთ.

ერთმა ადამიანმა ხის ფესვის დახვევა ძველ ჩინურ ტრადიციას შეადარა, როცა ქალის ტერფს შებოჭავდნენ და ასე რჩებოდა, მართლაც ძალიან ჰგავს აზრობრივად.

დახვეული ფესვები მცენარეს ახრჩობს. წყარო

ზოგიერთ მცენარეს პირიქით, “გაჭედილი” ფესვი ურჩევნია, მაგალითად ზოგ ორქიდეას. მაგრამ ჩვენს ბაღში ასეთი მცენარეები არ არის.

ჩემი თვალით რომ მენახა, პატარა ექსპერიმენტისთვის ორი მზესუმზირა დავთესე. ერთი ჩვეულებრივ საჩითლე კასეტაში, მეორე უძირო ქილაში. მართლაც, როცა ჰაერთან ჩამოდიოდნენ ფესვები, იქ წყვეტდნენ ზრდას. მცენარეს კარგი ფუნჯა ფესვი გაეზარდა. მეორის ფესვები კი კონტეინერის ძირში ზრდას არ წყვეტდნენ და იხვეოდნენ. ეს მცენარეები ისე გავაწვალე, სტრესისგან თესლის გაკეთება დაიწყეს, მაგრამ თეორიულად უფრო კარგ მდგომარეობაში იქნებოდა უძირო ქოთნიანი ჩითილი, რომლის კიდეებთან მოსული და გაჩერებული უამრავი ფესვი კინაღამ 360 გრადუსით დაიწყებდა ზრდას მიწაში გადარგვისთანავე.

ერთწლიან ბოსტნეულზე ამან შეიძლება დიდი არაფერი სხვაობა გამოიწვიოს, რადგან მათ დიდი ხანი არ ვაჩერებთ (არ უნდა ვაჩერებდეთ ყოველ შემთხვევაში) პატარა კონტეინერში, მაგრამ ხის ნერგი შეიძლება რამდენიმე წელი გვქონდეს. ეს მე ჯერ არ მიცდია. ამ ვიდეოში მაქვს ნანახი, სამწლიანი ნერგები რომ აქვს ფერმერს მსგავსი პრინციპით გაზრდილი. 

air-pruning-ს ეძახიან ინგლისურად – ანუ ჰაერით გასხვლას. ბევრი სანერგე წარმატებით იყენებს და ამბობენ, რომ გადარგვის დროს ერთი-ორი წელი ლოდინიც აღარ სჭირდება ხეს, რომ მოჭრილი ფესვი აღიდგინოს და ზრდას სტაბილურად აგრძელებეს. მოჭრით კი იმიტომ ჭრიან, რომ ან მიწიდან ამოიღონ (თუ ძირს იზრდებოდა) ან კიდევ კონტეინერში დახვეული აქვს ფესვი და აუცილებლად უნდა მოიჭრას.

სხვადასხვანაირად ვცადე კონტეინერის გაკეთება, მაგრამ მე მგონი კარგი ვარიანტი ჯერ სადღაც მომავალში მელოდება. რაც უფრო მეტ ჭრილს ვუტოვებ ჰაერისთვის, უფრო მალე შრება მიწა ცხადია და უფრო ხშირად მჭირდება მორწყვა.

ერთჯერად ჭიქებს როცა ვხვრეტ, კუთხეებს ვჭრი და ღარებს ვითვალისწინებ, რომ დახვევაში შევუშალო ხელი.

შემდეგი ექსპერიმენტი კონტეინერში ხის ნერგების გაზრდა იქნება ამ მეთოდით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *