ბაღი

პირველი პომიდვრის ამბავი

შარშან, როცა მაისის ბოლოს ქალაქი გაიხსნა, ვიფიქრეთ რომ ჯერ კიდევ იყო რაიმე ექსპერიმენტის შანსი. გაურკვეველი წარმოშობის რამდენიმე ჩითილი ვიყიდეთ საჩქაროდ და ბაღში წავიღეთ. 

25 მაისი

ჩვენი პირველი დიდი შეცდომა მოუმზადებელი ნიადაგი იყო. არც მულჩი გვქონდა. ბაღის ნაწილი დახნული დაგვხვდა. ძალიან პატარა ჩითილები გადამხმარ ბელტებში ჩავსვით და გარშემო ახლად დაქუცმაცებული ტოტები მოვაყარეთ. ეს უკვე მეორე და მესამე შეცდომა. მერე კი მივატოვეთ რამდენიმე დღით. რომლებიც ბალახიან მიწაში ჩავსვით, არც ისინი დაგვიხვდა ცოცხალი. ყველაფერთან ერთად ჩითილებს მახრამაც გაავლო მუსრი. 

4 ივნისი

მერე კი შევთანხმდით სიჩქარე არაფერს გვიშველიდა და ნიადაგის მომზადება დავიწყეთ. აწეული კვალი გავაკეთეთ, რომლის ძირში ძველი ხმელი ტოტები ჩავყარეთ, ზევიდან სარეველას ნასხლავები, შემდეგ მიწა, თავზე ცოტა ნაკელის კომპოსტი, რომელიც ბაღში დაგვხვდა და ბოლოს მულჩი. ჩვენი კომპოსტის გაკეთება მაშინ ვერ მოვასწარით. 3 ცალი პომიდვრის ჩითილი მზაჩითილიდან წამოვიღეთ, 7 ცალი ბებოს ბაღიდან. ჩავრგეთ, მოვრწყეთ და მივატოვეთ. ამჯერად გაამართლა. 

მახრის საწინააღმდეგოდ კვერცხის ნაჭუჭი დავფხვენით და მულჩის ქვეშ მოვაყარეთ. ჩითილებს კი ბოთლები ჩამოვაცვით. არ ვიცით რამ უშველა, შეიძლება უკვე გვიანი იყო მახრისთვის.

3 ივლისი

ერთი თვის შემდეგ ჯერ კიდევ არ მოგვირწყავს. მულჩი კარგად ინახავდა ნესტს, თუმცა აწეული კვალი გაცილებით მალე შრება, ვიდრე დაბალი. თანაც ღრეჩოებიდან ჰაერი უბერავს. პატარა პომიდვრები გამოჩნდა.

ერთგან გზაში ჩითილების კონა შემხვდა იაფად და ხელს გამოვაყოლე. სიჩქარეში არც დავათვალიერე. ლამაზი ფოთლების ქვეშ უმეტესობა დაზიანებული იყო და სიდამპლე ან ჭკნობა ჰქონდა დაწყებული. ჯერ 50 ჭიქა რომ ჩავალაგე, მერე ამოვალაგე, საპნით დავრეცხე ჭიქები და დაავადებიანი მიწები გვერდით გადავდე, მაშინ ვთქვი, აწი ყოველთვის თვითონ გავზრდი თქო და წელს ვასრულებ დანაპირებს.

სოკოვანი დაავადება?
ეს სხვისი ფოტოა, მაგრამ იმ ჩითილებს სულ ასეთი გაუხდათ ფოთლები. Early blight, ალტერნარიოზი

იქიდან წიწაკები ვერა, მაგრამ რამდენიმე პომიდორი მაინც გადარჩა. გუგლს თუ დავუჯერებ, მათი დაავადება ალტერნარიოზს ჰგავდა. ყავისფერი კოპლები ყვითელი კონტურით. აივანზე დავიტოვე დასაკვირვებლად. ცოტა რომ წამოიზარდნენ, გადავწყვიტე ბაღში წამეღო. 

არ ვიცი ეს დაავადება რამდენად იკურნება თავისით და ჩვენ რამდენად გაგვიმართლა. ინსტრუქციის მიხედვით ფუნგიციდი უნდა დაგვესხა, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. უბრალოდ თითქმის ყველა ფოთოლი შევაცალე. ბაღში სხვა ადგილას დავმულჩეთ მიწა, ქვეშ ცოტა კომპოსტი დავყარეთ. ერთი-ორჯერ მწნილის წვენი დავასხი წინასწარ. 

შეიძლება ცუდი აზრია ასეთი ჩითილის ბაღში წაღება. ფიტოფტორიანს ნამდვილად არ წავიღებდი. მაგრამ მაინტერესებდა როგორ მოერეოდა. მეზობლებთან კი ისედაც ჩნდება. 

ორი დარჩენილი ფოთლიდან უცებ წამოიზარდნენ და აღარაფერი ეტყობოდათ დაავადების. ბაღში ყველაზე გემრიელი ეს ჯიში აღმოჩნდა და აღარ ვინანე ყველაფერი.

გამოჯანმრთელებული მცენარეები

18 ივლისი

ამ პერიოდში დიდი ხნით მოგვიწია ბაღის დატოვება (15 დღით). ასე რომ ისევ წვიმის იმედად დარჩა. ბაღში მისულებს ჯუნგლები დაგვხვდა.

23 ივლისი

4 ივნისს სველ მიწაში დარგვის მერე მგონი პირველად მოვრწყეთ 23 ივლისს. ზუსტად აღარ მახსოვს. აწეულ კვალში პომიდვრებს ყურები ჰქონდათ ჩამოყრილი. თუმცა რაც მიწის დონეზე იყო, იმათ ახლაც არ ეტყობოდათ უწყლობა.

აწეულ კვალში
მიწის დონეზე

მალე გვალვა დაიწყო. მეზობელ ბაღში ყოველდღე ირწყვებოდა პომიდორი, ჩვენთან კვირაში ორჯერ. ისიც იმიტომ რომ მულჩი თითქმის აღარ იყო. ერთ-ორ სათლ წყალს დავასხამდით მთელს კვალს. განსაკუთრებით მაშინ მოიწყინეს, როცა კვალის გარშემო სარეველა გავთიბეთ. პომიდვრები სულ დანაოჭებული დაგვხვდნენ :))

ტენიანობის ასეთი ცვალებადობა ზოგ დიდ ჯიშს გარეგნულად დაეტყო, მაგრამ ისეთი არაფერი. ასევე, ერთი ჯიშის პომიდვრების პირველ ნაყოფს ფუძის სიდამპლე ჰქონდა, მაგრამ თავისით გაუარა ამანაც.

მავნებლებისგან წელს გადავრჩით. მხოლოდ ერთი ნაყოფი იყო მოკბეჩილი მუხლუხოსგან. ზოგადად ბაღი სავსე იყო კოლორადოს ხოჭოთი, მაგრამ პომიდვრებს არ შეტყობია. ობობებს ვაბრალებ ამ დაცვას, რადგან მულჩში ბევრი დასახლდა. ასეთი ყვითელი ობობაც არასდროს მინახავს. მგონია რომ ზაფრანამ მოიყვანა.

ერთხელ პომიდვრის ფოთლის ქვეშ უცნაური კვერცხები შევამჩნიეთ, რომელიც თითქოს წვრილ ძაფებზე იყო დამაგრებული. სიჩქარეში დაგუგლვის გარეშე მოვაცალეთ, მერე კი ვინანეთ. თურმე ბადეფრთიანი რიგის მწერები დებენ ასეთ კვერცხს. მატლობის დროს ის სასტიკი მტაცებელიაო და ანადგურებს ბუგრს (aphids), ტკიპას (mites), თრიფსს (leafhoppers).

ტოლფეხა კირჩხიბა (Misumena vatia) ყვითელი ყვავილის (?)
ბადეფრთიანის კვერცხები

საბოლოოდ მოსავალი რამდენჯერმე ავიღეთ და ძალიან ძალიან გემრიელი იყო :)) რამდენიმე კვირა მაცივარშიც გაძლო მწიფე პომიდორმა.

ოქტომბერშიც ბევრჯერ მივატოვეთ ბაღი და რამდენიმე დასკდა სიმწიფისგან. მწვანეები დავკრიფეთ. ნოემბერში ზოგ მცენარეს დაავადება შეეპარა.

ოქტომბერი
ნოემბერი

ამ სამი კვადრატული მეტრის ფართობზე წესით ალბათ მეტი უნდა აგვეღო, პომიდორიც უნდა გაგვესხლა და ქვეშ უფრო მეტი მცენარე უნდა დაგვერგო, მაგრამ მაინც გაგვაბედნიერა ამ გამოცდილებამ. წელს გამოვასწორებთ ზოგ შეცდომას. თანაც ამ კვალის გაკეთება მეორედ არ მოგვიწევს. არც მისი დაბარვა. ახლა ზევიდან სახლის კომპოსტი დავამატეთ და მწვანილების გადარგვა დავიწყეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *